Pages

სასწავლო მეთოდები


სენდვიჩის მეთოდი

 ეს მეთოდი შეგვიძლია გამოვიყენოთ მოსწავლეთა სიტყვიერი შეფასების დროს.
რატომ ჰქვია  ამ მეთოდს ასე?
სენდვიჩი შედგება ორი პურის ნაჭრისა და შუაში განთავსებული ხორცისაგან. კომენტარის აგებულებაც ასეთივე უნდა იყოს. (შეგვიძლია, სხვაგვარად "2+1" მეთოდი ვუწოდოთ, სადაც  2 –კომპლიმენტი, ქებაა, ხოლო 1– რჩევა, შენიშვნა) 
პური = კომენტარის გაკეთებისას პირველ რიგში უნდა ვუთხრათ დადებითი შეფასება, კომპლიმენტი,
ხორცი = შემდეგ მოვაყოლოთ რჩევა, შენიშვნა, კრიტიკა,
პური = დაბოლოს, – ისევ კომპლიმენტი.

მაგალითად, მოსწავლის თხზულების წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი ეუბნება მოსწავლეს: "ყოჩაღ, რომ გაგახსენდა და დავალება შეასრულე, (პური). თუმცა რამდენიმე საკითხის გამეორება მოგვიწევს და პირველ რიგში , ეს შეეხება შემასმენლისა და ქვემდებარის შეთანხმებას რიცხვში (ხორცი). ძალიან საინტერესო მოსაზრებებს აყალიბებ შენს თხზულებაში და აუცილებლად გავაცნოთ კლასსაც, კარგი? (პური)"
იმავე მეთოდით შეფასების გაკეთება შეგიძლიათ, დაავალოთ მოსწავლეებსაც. ამისთვის კი უნდა განუმარტოთ შეფასების სტრუქტურა. დაუხატეთ დაფაზე სენდვიჩი და აუხსენით, რომელი ნაწილი რას მიანიშნებს. მოსწავლეები მიეჩვევიან თანაკლასელისთვის როგორც ნეგატიური , ასევე პოზიტიური  კომენტარის თქმას. 
"სენდვიჩის მეთოდით" ერთმანეთის შეფასება ძალიან ახალისებს ბავშვებს. ცდილობენ კლასელის ნაშრომში როგორც უარყოფითი , ასევე დადებითი მხარეების აღმოჩენას.





"ვენის დიაგრამა"

"ვენის დიაგრამა" კოგნიტური სქემებიდან ერთ–ერთია, იგი საორგანიზაციო სქემაა.
კოგნიტური  დიაგრამებით მუშაობა მოსწავლეებს გაკვეთილზე მიწოდებული ინფორმაციის აღქმაში ეხმარება.

"ვენის დიაგრამა" წარმოადგენს ორ ურთიერთგადამკვეთ წრეწირს. ორი მოვლენის, საგნის შედარებისას  I და III ნაწილებში ვწერთ განსხვავებულ ნიშან–თვისებებს, ხოლო II –ში– მსგავსს.



"ვენის დიაგრამის" ისევე, როგორც სხვა სააზროვნო სქემების, დახმარებით მოსწავლე :


  1. ანაწევრებს მოცემულ ინფორმაციას;
  2. ორგანიზებას უკეთებს ინფორმაციას;
  3. შეიცნობს მთელისა და დეტალების ურთიერთმიმართებას;
  4. ეჩვევა კრიტიკულ აზროვნებას;
  5. სწავლობს დამოუკიდებლად მუშაობას.
სააზროვნო სქემების ანუ კოგნიტური დიაგრამების გამოყენება მასწავლებელს შეუძლია:
  1. ახალი მასალის გაცნობა–წარდგენისას;
  2. ათვისებული მასალის შემაჯამებელი სამუშაოს ჩატარების დროს;
  3. ტექსტის კითხვისა და დამუშავების დროს;
  4. წერითი სამუშაოს დაწყების წინ;
  5. საშინაო დავლებების, ასევ საკლასო სამუშაოების ჩატარების დროს;
  6. გამოიყენება როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფში მუშაობის დროს. 
"ვენის დიაგრამა" ერთ–ერთია იმ მრავალთაგან, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ და ჩვენ მიერ შესწავლილი მასალის მოთხოვნისამებრ გადავაკეთოთ.
მე ხშირად მიწევს უკვე არსებული სქემების გადამუშავება, შეცვლა, კომპონენტების მიმატება ან დაკლება, იმისდა მიხედვით, თუ რა  მჭირდება კონკრეტული ნაწარმოების შესწავლისას.


"კორნელის გრაფა"



 აქტიური კითხვის მეთოდი
მასწავლებლის მოთხოვნა 1 : მოსწავლეებს სთხოვს, გადახედონ დასამუშავებელ მასალას.
მასწავლებლის მოთხოვნა 2: მოსწავლეებმა უნდა დაუსვან საკუთარ თავს კითხვები– "რა ვიცი მოცემული საკითხის შესახებ?", "რისი სწავლისა და გაგების იმედი მაქვს ტექსტის წაკითხვის შემდეგ?"
მასწავლებლის მოთხოვნა 3: მოსწავლეებმა უნდა ჩაინიშნონ თავისი პასუხები "კორნელის გრაფაში" (წინასწარ მომზადებული უნდა გქონდეთ  ცხრილი. იხ. პოსტის ბოლოს). მოსწავლეები პირველ ეტაპზე ავსებენ ადგილს პირველადი კომენტარისთვის.
მასწავლებლის მოთხოვნა 4 : მოსწავლეებმა ტექსტის კითხვის პარალელურად უნდა დასვან კითხვები – რა?ვინ? სად? როდის? როგორ?რატომ? და ჩაინიშნოს ინფორმაცია შესაბამის გრაფაში
მასწავლებლის მოთხოვნა 5: მოსწავლეებმა ხელახლა უნდა წაიკითხონ თავიანთი შენიშვნები და"კორნელის გრაფაში" გაკეთებულ პირველად კომენტარებს დაურთონ მეორეული, უკვე ემოციური კომენტარები და შესწორებები. ამით შეავსებენ გრაფის მეორე ნაწილს.

ამ სტრატეგიის შესრულებას, როგორც წესი, მოსდევს მოსწავლეთა შორის აზრის გაზიარება და საკლასო დისკუსია.

"კორნელის გრაფა"

პირველადი კომენტარი (ფაქტობრივი)
მეორადი კომენტარი (ემოციური, კრიტიკული)
1.
2.
რა?
ვინ?
სად?
როდის?
როგორ?
რატომ?






No comments:

Post a Comment