Pages

ლექსები მოსწავლეთათვის

ლექსი „ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში“ ახსნილია როგორც პოეტური ნაწარმოები, რომელსაც ახასიათებს თავისებური რიტმი და, როგორც წესი, რითმა. ყველამ ვიცით, რომ ლექსი პროზის საპირისპირო სახეა და წყობილსიტყვაობასთან ერთად, წესისამებრ, გარკვეულ გრაფიკულ ფორმასაც გულისხმობს. ყოველი სტროფი ახალი ტაეპით იწყება და რითმიანი ლექსის ტაეპში მარცვალთა რაოდენობა განსაზღვრულია. მარცვალთა რაოდენობით განსაზღვრული რიტმი და რითმა, რომელიც ხმოვანთა და თანხმოვანთა თანხვედრას გულისხმობს, ქმნის კომპოზიციურ, ემოციურ და შინაარსობრივ ერთობლიობას.
ქართულ სინამდვილეში ლექსის ტიპებზე საუბარი შაირით უნდა დავიწყოთ. „შაირი“ არაბული ტერმინია (შაჰირ) და ლექსს ნიშნავს.
სიტყვა „შაირს“ ქართულში სხვადასხვა შინაარსი აქვს. რუსთაველთან ის ზოგადად ლექსის სინონიმია: „შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთ დარგი“; „მოშაირე არა ჰქვიან, თუ სადმე სთქვას ერთი-ორი“.
შაირს იყენებენ მოკლე, ერთსტროფიანი ლექსის აღმნიშვნელადაც, სადაც მეოთხე ტაეპი წინა სამის შემაჯამებელ აზრს გადმოგვცემს და „და“ კავშირით იწყება. მაგალითად:
„სოფლის მიმდონი ყოველნი სდევენ და ემოყვრებიან,
არც დაუნდვია, არც ინდობს, ვინც დასანდობლად სცდებიან,
უტვინოს ძვალთა მწოველნი გაძღებად ცუდად შვრებიან
და რაცა სხვათა უყო, შენც გიზამს, ასე უმოქმედებიან.
(„ქილილა და დამანა“)
შაირი ხალხურ ლექსსაც ეწოდება. აქ იგი, ჩვეულებრივ, რვამარცვლიანია:
„ქალავ, ისეთი თეთრი ხარ,
როგორც საყდარში კირიო,
მალიმალ მამაგონდები,
ჩამოვჯდები და ვტირიო“.
შაირი ჰქვია, როგორც ვიცით, რუსთველისეულ საზომსაც, რომელიც თექვსმეტმარცვლიანია, მაგრამ იყოფა რვამარცვლიან მუხლებად. შაირი გაბატონებული იყო ქართულ პოეზიაში აღორძინების ხანის ჩათვლით.
შავთელური ქართული ლექსის ერთ-ერთი სახეობაა, რომლის დამკვიდრებაც იოანე შავთელის („აბდულმესიანის“ ავტორი, მეთორმეტე საუკუნე) სახელთანაა დაკავშირებული. ლექსი ოთხსტრიქონიანია. თითოეულ სტრიქონში ოცი მარცვალია. სტრიქონი იყოფა ოთხ მუხლად. ახასიათებს გარეგანი და შინაგანი რითმები:
„შემოკრბით, ბრძენნო, ათინელთ ძენო, თამარს ვაქებდეთ მეფედ ცხებულსა,
კრიტს, ალაბს, მაღრიბს, ეგვიპტეს, მაშრიყს, ჩინეთ–მაჩინეთს, თარშის ქებულსა,
რომელნი ელნით, რომელნი ელნით თავს სოგრატისებრ სწავლით გებულსა,
ვარსკვლავთ–მრიცხველნო, სხვათ ბრძენთ მკიცხველნო, ვერ ძალ–გიცთ ქებად, თავს ჰყოფთ ვნებულსა“.
ჩახრუხაული სტროფებისა და მარცვლების რაოდენობით ემთხვევა შავთელურს. განსხვავება ისაა, რომ მუხლები ოთხ-ხუთმარცვლიანია. პირველ მუხლებში შიდა რითმებია, ბოლოს კი, როგორც წესი, ქალური.
ჩახრუხაულის შემოტანა უკავშირდება მეთორმეტე საუკუნის პოეტს ჩახრუხაძეს, რომელიც „თამარიანის“ ავტორადაა ცნობილი:
„თამარ, შენ გიძნობ! ასულად გიცნობ: მზე დაუვალი, შუქ–მომფინარი,
მხიარულ იქმენ! ნაქმარი გიქენ, გესმნეს ნატიფნი და მშვიდი, წყნარი,
ელვა–ეთერი და სიტყვიერი, დარმანის ველი, ედემს მაღნარი,
არს ცნობათ მოთხე, ვითა სამოთხე, წყლად წყალი მრწყველი მუნვე მდინარი“.
სონეტი იტალიური სიტყვაა და სიმღერას ნიშნავს. ეს სალექსო ფორმა წარმოიშვა იტალიაში, განსაკუთრებით გავრცელდა საფრანგეთში. სონეტის ცნობილი ოსტატები არიან დანტე, პეტრარკა, შექსპირი, პუშკინი.
სონეტის ჟანრულ თავისებურებას ქმნის ტაეპთა აგებისა და გარითმვის წესები. სონეტი, როგორც წესი, თოთხმეტი სტრიქონისგან შედგება, რომლებიც იყოფა ორ ოთხტაეპედად და ორ სამტაეპედად. გვხვდება რკალური და პარალელური რითმები.

მუხამბაზი მუხამასი (არაბ. მუხამას — ხუთეული), სპარსულ პოეტიკაში მუსამათის (ძაფზე აცმული მარგალიტი) ტიპის სტროფული სალექსო ფორმის სახეობა. ყოველი სტროფი შედგება 5 სტროფისაგან. პირველი სტროფის ერთიანი რითმა მეორდება მომდევნო სტროფების მეხუთე სტრიქონში (aaaaa, bbbba, cccca და ა. შ.). სტროფების რაოდენობა განსაზღვრული არაა, გვხვდება აგრეთვე რომელიმე პოეტის ღაზალზე დაწერილი მუხამასი (ყოველ სტრიფში ჩართულია ღაზალის ერთი ბაითი).
განსაკუთრებით გავრცელდა XIV— XVII საუკუნეებში. ქართულ პოეზიაში შემოვიდა მუხამბაზის სახელწოდებით (ბესიკი, საიათნოვა), ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სტროფების რაოდენობაც ხუთით შემოიფარგლა, მოგვიანებით დაკარგა კონკრეტული მნიშვნელობა და საერთო თემატიკით განსაზღვრულ (სამიჯნურო, ანაკრეონტული) ლექსს ეწოდა (მაგ., ალექსანდრე ჭავჭავაძის „მუხამბაზი ლათაიური“).
მუხამბაზმა როგორც აშუღური პოეზიისა და სიმღერის ნიმუშმა, საქართველოში მტკიცედ მოიკიდა ფეხი XVIII—XIX საუკუნეებში. განსაკუთრებით გავრცელდა თბილისელ ყარაჩოხელთა წრეში. იგი ცალფა-სოლო სიმღერაა. სრულდებოდა საზისა და თარის თანხლებით (საიათნოვა, ევანგულან აბდულბაღია, სათარა), ხოლო საზანდართა მწყობრში — მედაირის მიერ (აშუღი ჰაზირა). ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, აკაკი წერეთლისადა ყარაჩოხული პოეზიის ნიჭიერი წარმომადგენლების — სკანდაროვას, გივიშვილის, იეთიმ გურჯის და სხვების მიერ „მუხამბაზის ხმაზე“ თქმულმა ლექსებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. ზოგიერთი მათგანი პროფესიულ მუსიკაშიც დამკვიდრდა (ზ. ფალიაშვილის „თავო ჩემო“, ა. კერესელიძის მიერ დამუშავებული „გინდ მეძინოს“, მელიტონ ბალანჩივაძის რომანსი „აღმართ-აღმართ“ და სხვა). აღსანიშნავია, რომ მუხამბაზის ბრწყინვალე შესრულებისათვის ბესიკმა ირანის შაჰისაგან ბრილიანტებით მოჭედილი თარი მიიღო, ხოლო ერეკლე II-მ საიათნოვას „მუხამბაზის“ ქართულად შესრულებისათვის ხალათი უბოძა.
რობაი ლირიკული ლექსის მეტად გავრცელებული სახეა აღმოსავლურ პოეზიაში. იგი სამიჯნურო და ფილოსოფიური მნიშვნელობისაა. შედგება ოთხი ტაეპისგან. გარითმულია ყველა, გარდა მესამისა.
„ტირიფის მსგავსად გათრთოლებდეს ბედი და ხვედრი,
თან დღენიადაგ იმედოვნე ცვლილება მკვეთრი.
მე საბოლოო ფერად შავი ფერი მსმენია,
მაშ, ეს შავი თმა, მითხარ, რაღამ გახადა თეთრი?“
(ჰაფეზი)
ყაზალი არაბულ-სპარსულ პოეზიაში ორტაეპიანი სტროფი ან ასეთი სტროფებით შედგენილი ლექსია:
სანამ სადოქედ აზელილა ჩვენი ტალახი
ღვინით ამივსე თავის ქალა, ისე ვით ჯამი,
ჩვენთვის უცხოა მწირობა და განდეგილობა,
კამკამა ღვინით დაგვლოცე და გვაამე ამით.
ჰაფეზ, სწორია, ვინც ამქვეყნად ღვინო იწამა,
ამ გზას დაადექ, არ დაფიქრდე არც ერთი წამით“.
(ჰაფეზი)
ტანკა იაპონური სიტყვაა და მოკლე ლექსს ნიშნავს. სულ 31 მარცვლისგან შედგება. მარცვალთა რაოდენობა ტაეპებში შემდეგნაირად უნდა იყოს განაწილებული – 5:7:5:7:7.
„არ მიყვარს ბღენძი,
ცრუბრძენი და ჭკუისკოლოფი,
 ლოთთან დავჯდე, უმჯობესია.
 დათვრება მაინც
 და ერთს გულწრფელად წამოიტირებს“.
(ოტომო ტაბიტო)
ჰაიკუ სიმბოლური დატვირთვის მქონე მოკლე ემოციური ლექსია, რომლის მიზანია წამიერი შეგრძნებების მსოფლმხედველობით ჭრილში გადმოცემა. კლასიკური ჰაიკუ სამი ტაეპისგან შედგება და 17–მარცვლიანია. ტრადიციისამებრ, მასში უნდა ერიოს წელიწადის დროის გამომხატველი სიტყვა. თუმცა კლასიკოს იაპონელ მწერლებთანაც კი ჰაიკუს სტრუქტურა ხშირად ირღვევა.
„უკვე მარტო ვარ,
წარწერას ქუდზე: „ჩვენ ორნი ვართ“ –
როგორმე ბრინჯით ჩამოვრეცხავ“.
მაცუო ბაშო
ბალადა ლირიკულ-ეპიკური ჟანრის ნაწარმოები, საგმირო ხასიათის სიუჟეტიანი ლექსია. წარმოიშვა შუა საუკუნეების საფრანგეთში, მაგრამ სრულყოფილი ფორმა იტალიაში მიიღო. თავიდან ცეკვასთან ერთად შესასრულებელი სასიმღერო ტექსტი იყო, რომელსაც აუცილებლად ჰქონდა რეფრენი. მეცხრამეტე საუკუნიდან ცნობილია ილიას „ბაზალეთის ტბა“. გვხვდება მეოცე საუკუნის პოეტთა შემოქმედებაშიც (გ. ლეონიძე, ო. ჭილაძე…). უფრო ცნობილია ხალხური ბალადა („ლექსი ვეფხისა და მოყმისა)

ტრიოლეტი-რვასტრიქონიანი ლექსი, რომლის მეოთხე და მეშვიდე სტრიქონი იმეორებს პირველს, ხოლო მერვე - მეორეს.

სენტიმენტალური ტრიოლეტი

ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი,
შენ სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა.
ვარ მოწყენილი ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.

მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.
ვტიროდი ხარბად - მარტოობით ნაალერსალი.
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი.



„ სიცოცხლის ხე ისევ ისხვლება,
ბედს უნდაერთმანეთს გაგვყაროს, _
მე ვხმები,
შენ ხმები,
ის ხმება
და მაინც ყვავილობს სამყარო.

ხმელი ტოტებივით ვიმსხვრევით,
ვიწვით და ღუღუნებს კერია, _
მე ვმღერი,
შენ მღერი,
ის მღერის
თურმე ნაკვერჩხლები მღერიან.

მღერიან… სიმღერით მკვიდრდება
სული და ვიშუშებთ იარებს, _
მქუხარე მსოფლიო მშვიდდება.
და მაინც მსოფლიო ღრიალებს

და მყარი ოცნების ქვიტკირი
ირღვევა… დუღაბი მწირია
მე ვტირი,
შენ ტირი,
ის ტირის
თურმე ტრომბონები ტირიან.

ცივდება ვულკანურ ნოტების
ლავა და… მაესტრო ისჯება
ფესვებითტოტებითყლორტებით
მე ვრჩები,
შენ რჩები,
ის რჩება

და როგორც მშიერი ობობა,
ცა იცდის… დიდია ცის ძალა, _
ვიღაცა იცდიდეს ოღონდაც,
მე წავალ,
შენ წახვალ,
ის წავა!

ჩვენ წავალთ… ვარსკვლავებს გავცდებით,
თუმც წასვლა ძალიან ძნელია, _
მე მელის,
შენ გელის,
მას ელის
დიდი გზა… ღმერთები გველიან!
                   მორის ფოცხიშვილი


სასვენი ნიშნების მარლთწერა
„კარგი იქნებაისწავლოთ
თხზულების სწორად დაწერა,
უნდა იცოდეთ უთუოდ
სასვენი ნიშნების მართლწერა.
მძიმემ თქვამძიმედ მოვდივარ,
ხშირად სიტყვებსაც ვიხსენებ,
ერთნაირ წევრებს გამოვყოფ,
თითოეულთან ვისვენებ.
გვიხმობს ძახილის ნიშანი,
შვეული ხაზი წერტილით,
არდასრულებულ სათქმელს კი
დაუსვი მრავალწერტილი.
და თუ სხვის ნათქვამს გვიამბობ,
სხვისი სახელ და გვარებით,
ორივე მხრიდან დახატე
ქვემოთ და ზემოთ ბრჭყალები.
ტყუპი სიტყვები გავყავი,
ჩავუსკუპდი და ვატირე,
თანდებულებიც გამოვყავ,
ჩვენთან ბაქიობს სულ ტირე.
ორი წერტილი სიტყვასთან
თვის საამბობელს გამოთვლის,
ყველაფერს ჩაგიკაკალებს
და მეგობრებსაც ჩამოთვლის.
რომ არ იცოდა მართლწერა, –
კითხულობს კითხვის ნიშანი, –
ბექამ იმიტომ მიიღო
წერაში ცუდი ნიშანი?
– მე თავში ვდგავარსულ ცალკე,
და ვერ ვიქნები ვერვისი,
დიალოგებში მომიხმე, –
გვკარნახობს ტირედეფისი.
ბოლოს წერტილიც გამოჩნდა,
დაიმსახურა მან ნდობა,
ათასი რამე გვიამბო
და დაასრულა მოთხრობა.

|მანანა ტონია|

„სასვენი ნიშნები არიან შეშლილნი,
მოჰგვანან უეცრად დაბნეულ მძივებს,
მძიმე არასდროს არ არის წერტილი,
წერტილის დასმა კი ყოფილა მძიმე“.

ვახუშტი კოტეტიშვილი



No comments:

Post a Comment